English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ცოტნე ჟღენტი
ინსტიტუციური ჯგუფები საქართველოში და ტრანსფორმაციულ/პოსტ-ტრანსფორმაციულ ეკონომიკებში

რეზიუმე

ინსტიტუციური განვითარება მნიშვნელოვანია საკითხია როგორც ეკონომიკური მეცნიერებისათვის, ასევე აქტუალური პრაქტიკული საკითხია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ინსტიტუციურ ცვლილებათა თემა განსაკუთრებით მგრძნობიარე არის განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის პოსტ კომუნისტური ეკონომიკებისთვის, ისეთი როგორც საქართველოა.

ეკონომიკური განვითარება მეტწილად განისაზღვრება იმ ინსტიტუციური ჩარჩოთი, რომლის შიგნითაც მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესები. ინსტიტუციური ჩარჩო კი მოიცავს უამრავ ინსტიტუციურ ერთეულს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან: დანიშნულებით, სტრუქტურით თუ ბუნებით. შესაბამისად, ინსტიტუციური ანალიზი საჭიროებს განსხვავებული ინსტიტუტების დაჯგუფებას გარკვეული ნიშნების მიხედვით.

ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინსტიტუციური დაჯგუფება მოცემულია ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი დუგლას ნორტის მიერ. ის მოიცავს ინსტიტუტების (ნორმების) დაყოფას ორ ფართო ჯგუფად: ფორმალური და არაფორმალური. ჩვენს კვლევაში, შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ერთი საინტერესო თეორიული დაჯგუფება ინსტიტუტების შესახებ. ეს არის შიდა და გარე ინსტიტუტები. გერმანელი ეკონომისტი სტეფან ვოიგტი თავის ნაშრომში, გვთავაზობს ინსტიტუტების განაწილების თეორიულ მოდელს ორივე ზემოთნახსენები მეთოდის მიხედვით (ფორმალური და არაფორმალური, შიდა და გარე). თუ გამოვიყენებთ ზემოთმოცემულ ორივე მიდგომას, ჩვენ მივიღებთ ორ განზომილებიან ინსტიტუციურ სტრუქტურას 4 ჯგუფის შემადგენლობით. ეს ჯგუფებია: ფორმალური შიდა, ფორმალური გარე, არაფორმალური შიდა და არაფორმალური გარე ინსტიტუტები. ნაშრომის შემდგომ ნაწილში, მათს ნაცვლად რიგ შემთხვევებში გამოვიყენოთ აღნიშვნები: ფორმალური შიდა - FI, ფორმალური გარე - FE , არაფორმალური შიდა - II  და არაფორმალური გარე - IE. თითოეული ინსტიტუციური ჯგუფი მოკლედ შეგვიძლია აღვწეროთ შემდეგი სახით: ფორმალური გარე ინსტიტუტები (FE)  - კანონები და სხვა ოფიციალური ნორმები, რომელიც რეგულირდება სახელმწიფოს მიერ; ფორმალური შიდა ინსტიტუტები (FI) - საზოგადოებასა და ბიზნესში არსებული ფორმალური ნორმები; არაფორმალური გარე ინსტიტუტები (IE) - სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობა და საზოგადოების დამოკიდებულება საჯარო ინსტიტუტების მიმართ; არაფორმალური შიდა ინსტიტუტები (II)  - დაუწერელი ქცევის კანონები საზოგადოებაში, მაგალითად: ეთიკური ნორმები.

ნაშრომში ზემოთმოცემული ორგანზომილებიანი მოდელის პრაქტიკული შეფასებისთვის, ყველაზე მეტად შესაბამისი არის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსები, რომელიც გაიანგარიშება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ყოველწლიურ კონკურენტუნარიანობის ანგარიშის ფარგლებში. ინსტიტუციური ინდიკატორების წყარო არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევები.

კვლევის შემდეგომ ეტაპზე ხდება თითოეული ინსტიტუციური ინდიკატორისთვის მინიჭება ორივე განზომილების (არის შიდა თუ გარე, არის ფორმალური თუ არაფორმალური?).განაწილების შედეგად, ორგანზომილებიანი მატრიცის თითოეულ ჯგუფში აღმოჩნდა შემდეგი ქვე-ინდექსები და ქვე-ინდექსებში შემავალი ინდიკატორები (მოცემულია ფრჩხილებში):

ფორმალური გარე ინსტიტუტები (FE): საკუთრების უფლებები (საკუთრების უფლებების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა); საჯარო სექტორის ეფექტიანობა (სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობა, სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი, დავების მოგვარების კანონმდებლობის ეფექტიანობა, რეგულაციების საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობა, საჯარო პოლიტიკის გამჭვირვალეობა).

არაფორმალური გარე ინსტიტუტები (IE): ეთიკური ნორმები და კორუფცია (სახელმწიფო რესურსების დივერსიფიკაცია, საზოგადოებრივი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ, არაფორმალური გადახდები და თაღლითობა); არაფორმალური ზეგავლენა სახელმწიფო სექტორზე (სასამართლოს დამოუკიდებლობა, საჯარო გადაწყვეტილებების ობიექტურობა); უსაფრთხოება (ბიზნესის ხარჯები ტერორიზმის წინააღმდეგ, ბიზნესის ხარჯები კრიმინალის წინააღმდეგ, ორგანიზებული კრიმინალის დონე, საპოლიციო სერვისების საიმედოობა).

ფორმალური შიდა ინსტიტუტები (FI): ანგარიშვალდებულება (აუდიტის და ანგარიშგების სტანდარტების ხარისხი, კორპორაციული საბჭოების ეფექტიანობა, მცირე მეწილე აქციონერების დაცვა, ინვესტორების დაცვა)

არაფორმალური შიდა ინსტიტუტები (II):  კორპორატიული ეთიკა (ფირმების ეთიკური ქცევა ბიზნეს-საქმიანობაში)

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2016-2017 წლის ანგარიშში საქართველოს მაჩვენებელი არის 4.2 (1-7) და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. უშუალოდ ინსტიტუციური ინდიკატორების ჯგუფის ქულა, აღემატება  ინდექსის საერთო ქულას - 4.4 (1-7), მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები - 4.4, ხოლო კერძო ინსტიტუტები - 4.3. ინდიკატორების განაწილების ზემოთმოცემული მეთოდის მიხედვით შეგვიძლია გავზომოთ ოთხივე ინსტიტუციური ჯგუფი ცალ-ცალკე საქართველოს მაგალითზე. ამისათვის, პირველ რიგში მოვახდინოთ ინდექსების რეკალკულაცია 1-7-იდან 0-100-მდე, ხოლო შემდეგ დავითვალოთ მარტივი საშუალო არითმეტიკული თითოეულ ჯგუფში შემავალი ყველა ქვე-ინდექსისთვის (მარტივი საშუალო არითმეტიკული გამოყენების მიზეზი არის ქვე-ინდექსების თანაბარი წონა საერთო ინდექსის გაანგარიშებაში). შედეგად მივიღეთ ახალი კოეფიციენტები თითოეული ჯგუფისთვის:

  • ფორმალური გარე ინსტიტუტები (FE)  - 53.6
  • ფორმალური შიდა ინსტიტუტები (FI) – 59.1
  • არაფორმალური გარე ინსტიტუტები (IE) – 58.7
  • არაფორმალური შიდა ინსტიტუტები (II)  - 48.0

როგორც ვხედავთ, ყველაზე მაღალი მნიშვნელობა (59.1) აქვს ფორმალურ შიდა ინსტიტუტებს, ანუ იმ ოფიციალურ/ფორმალურ თამაშის წესებს რომელიც გვხდება კერძო სექტორის ეკონომიკურ საქმიანობაში.

ასევე მაღალი კოეფიციენტი აქვს არაფორმალურ გარე ინსტიტუტებს (58.7). ის ხასიათდება საზოგადოების დამოკიდებულებით სახელმწიფო ინსტიტუტების და მთლიანად მიმართ. შედარებით მცირე მაჩვენებელი აქვს სახელმწიფოს მოცემულ ჩარჩო პირობებს. ფორმალური გარე ინსტიტუტების კოეფიციენტი არის 53.6, სადაც გამოსარჩევია რეგულაციების ტვირთის კოეფიციენტი (4.7 ქულა 7.0-დან). რეგულაციების ტვირთი საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია (მე-7 ადგილი 140 ეკონომიკიდან). ოთხი ინსტიტუციური ჯგუფიდან, ხოლო  ყველაზე მცირე მაჩვენებელი გვხვდება არაფორმალურ შიდა ინსტიტუტებში (48.0), რომელიც გამომდინარეობს საზოგადებაში არაფორმალურ  ურთიერთობებიდან. საზოგადოების დამოკიდებულება და ქცევა ბიზნეს საქმიანობაში, ისევე სხვა საქმიანობებში ჯერ კვლავაც აქტიურ ტრანსფორმაციულ პროცესშია. ჩვენს მაგალითში მოცემული ინსტიტუციური ჯგუფი განისაზღვრება კოეფიციენტით „ფირმების ეთიკური ქცევა“.

იმისათვის რომ დავინახოთ, რით გამოირჩევა საქართველოს ინსტიტუციური სტრუქტურა საჭიროა გავიანგარიშოთ მსგავსი მეთოდით კოეფიციენტები სხვა ეკონომიკებისთვისაც. რადგან საქართველოში არსებული ინსტიტუტების ნაწილს აქვს საფუძვლები გეგმურ ან პოსტ- კომუნისტური ტრანსფორმაციის ეკონომიკაში, ამიტომ შედარებას მოვახდინოთ პოსტ-კომუნისტურ და პოსტ-ტრანსფორმაციულ  ეკონომიკებზე. ამისათვის გამოვიყენოთ, მსოფლიო ბანკის 2002 წლის ჩამონათვალი 26 ქვეყნის შემადგენლობით, ამ ქვეყნების ნაწილი დღეს ჯერაც პოსტ კომუნისტური ტრანსფორმაციის ფაზაშია, ზოგმა კი უკვე გაიარა ტრანსფორმაციის პროცესი და პოსტ ტრანსფორმაციულ გზას ადგას, თუმცა ინსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი ყველგან აქტუალურია. საინტერესოა, რომ საქართველოს მაჩვენებელი ოთხივე ჯგუფში აღემატება პოსტ-კომუნისტური ქვეყნების საშუალს, ხოლო სამ ჯგუფში ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საშუალოზე, რომელი ქვეყანათა უმეტესობა განვითარებული ეკონომიკების რიგს მიუკუთვნება.

ინსტიტუციური ანალიზი გვიჩვენებს კორელაციას სხვადასხვა ტიპის ინსტიტუტებს შორის. შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში ინსტიტუციურ განვითარებას აქვს გამოკვეთილი აღმავალი ტრენდი სხვადასხვა მიმართულებებით. ფორმალური შიდა ინსტიტუტები, საზოგადოებაში დამკვიდრებული ოფიციალური წესებს სახით არიან ყველაზე ძლიერი, როგორც საქართველოში ისე დანარჩენ პოსტ-კომუნისტურ ეკონომიკებში. განსაკუთრებით, ხსენებული ჯგუფის  მაჩვენებლები მაღალია ევროკავშირის წევრ პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, სადაც კერძო კონტრაქტების და არბიტრაჟის საკმაოდ მაღალი სტანდარტია. სხვა ინსტიტუციურ ჯგუფებთან შედარებით, საქართველოში არცთუ წარმატებული მდგომარებას არაფორმალური შიდა ინსტიტუტების კუთხით, რადგან ბიზნეს ეთიკის ჩამოყალიბება ჯერაც ჩამოყალიბების საწყის სტადიაზეა და დროში დაგვიანებით პასუხობს ლეგალურ ჩარჩო-პირობების შესაბამის განვითარებას.